ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების სტუდენტების წახალისებას განაგრძობს. პროექტი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და უკვე 8 წელია, ახალგაზრდებს თანმიმდევრულ ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს.
პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების მოტივაციის გაზრდას და სურსათის ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების განვითარებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიანტები ანნა ჭიღლაძე, ნანო გოგბერაშვილი, ლაშა გალდავა და ანა კვირკვია არიან. ოთხივე მათგანი ამბობს, რომ სტიპენდიის დამსახურებით შრომის დაფასება იგრძნეს.




ლაშა გალდავა:
„ჩემს თავს ყველაზე მეტად წარმოების ტექნოლოგად ვხედავ. დიდი სურვილი მაქვს ეს კონკრეტულად ხორცპროდუქტების წარმოება იყოს. სწორედ ამიტომ ჩემთვის ეს სტიპენდია კიდევ უფრო დასაფასებელი იყო.“
ანა კვირკვია:
„მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო სტიპენდიის მიღება. ამან კიდევ უფრო გამიზარდა მოტივაცია და დამანახა, რომ შრომა ნამდვილად ფასდება.“
ნანო გოგბერაშვილი:
„ასეთი მხარდაჭერა გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი შრომა ფასდება. ეს დიდ სტიმულს გვაძლევს განვითარებისთვის.“
ანნა ჭიღლაძე:
„პროგრამა ბევრად მეტია, ვიდრე სტიპენდია. ის გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიცნოთ სფერო და პრაქტიკაში დავინახოთ ჩვენი მომავალი პროფესია.“
პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. მისი ბიუჯეტი წლების განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს, 18 000 ლარს შეადგენს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის სტაბილურობას და გრძელვადიან ხედვას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნესის მიდგომაა, დაეხმაროს იმ ინდუსტრიას, რომელსაც თავად წარმოადგენს.