NMG-სა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული საგანმანათლებლო ინიციატივა პრაქტიკულ ფაზაშია. პროექტი, რომელიც დეფიციტური ტექნიკური პროფესიების მხარდაჭერას და სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოში სწავლებას ითვალისწინებს, მიმდინარე ეტაპზე საწარმოო პრაქტიკაზეა ორიენტირებული.
ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტები NMG-ის შვილობილი ბრენდების საწარმოო გარემოში ეუფლებიან ისეთ დეფიციტურ პროფესიებს, როგორიცაა ელექტრონიკა, გათბობა-გაგრილების სისტემები და სამაცივრე სისტემების მომსახურება.
„პრაქტიკული სწავლება შპს „ნიკორასა“ და შპს „ჩვენი ფერმერის“ ბაზაზე მიმდინარეობს. ისინი სწავლობენ შრომის უსაფრთხოების წესებს და ეცნობიან დანადგარის სპეციფიკაციებს. კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საწარმოო დანადგარების დიაგნოსტიკას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისსა და წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება-აღმოფხვრას. ელექტრიკოსების გუნდი კი ელექტროდანადგარების მუშაობის პრინციპს ეუფლება, მონაწილეობს ავტომატიკის სისტემების გამართვისა და ელექტროკარადების აწყობის პროცესში,” – ამბობს ტექნიკური და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიული სისტემების სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ესებუა.
სტუდენტებისთვის პროექტი ორმაგად მამოტივირებელია: ისინი უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და, პარალელურად, ყოველთვიური სტიპენდიითა და კომპანიების ბენეფიტებით სარგებლობენ.
„ელექტროობის პროფესიის დაუფლებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ნახო, როგორ მუშაობს ავტომატიზაციის სისტემები დიდ საწარმოში. NMG-ში ჩვენ გვეძლევა წვდომა ისეთ თანამედროვე დანადგარებთან, რომელთა მართვაც ჩემთვის, როგორც დამწყები სპეციალისტისთვის, უდიდესი გამოცდილებაა. გარდა პროფესიული ზრდისა, კომპანიის მხრიდან დაწესებული სტიპენდია მიქმნის განცდას, რომ ჩვენი შრომა დაფასებულია,“ – ამბობს კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტი, ილია უგრეხელიძე.
იგივე პათოსს იზიარებს პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, ზურა ხამაშურიძე:
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ახალი რამ ვისწავლე საწარმოო სამაცივრო და გათბობა გაგრილების სისტემებზე. კოორდინატორები თითოეულ დეტალს გვიხსნიან – როგორ მუშაობს სამაცივრე კომპრესორები, როგორ ხდება სისტემის გამართვა და სხვა. მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ, რადგან აქ რეალურ ხელობას ვსწავლობ.“
CSR პროექტის შუალედური შედეგები აჩვენებს, რომ ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის ამ ტიპის თანამშრომლობა შედეგზეა ორიენტირებული და ხელს უწყობს დეფიციტური ტექნიკური პროფესიების განვითარებას. NMG მომავალშიც გეგმავს პროფესიული განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას.