როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი

თევზი ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი შერჩევა მაღაზიაში ან ბაზარზე ხშირად რთულ ამოცანად იქცევა. როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი პროდუქტი ცუდი ხარისხის პროდუქტისგან და როგორ ამოვიცნოთ ნამდვილად ახალია თუ არა თევზი? სწორედ ამიტომ, კომპეტენტური რჩევების მისაღებად, „ოკეანეს“ ტექნოლოგს, ლევან თომაშვილს დავუკავშირდით. როგორ აარჩიოთ ხარისხიანი თევზი: პირველად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცოცხალი თევზის შეძენისას? ცოცხალი თევზის შეძენისას, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თევზი ჯანსაღია და უსაფრთხოა მისართმევად: თევზის თვალები უნდა იყოს ნათელი და სუფთა. თუ თვალები მუქია, ეს ნიშნავს, რომ თევზი შეიძლება იყოს დაავადებული. კანი და ფარფლები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი. თუ კანს აქვს მუქი ლაქები, ეს შეიძლება მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მაჩვენებელი იყოს. როგორ უნდა გავიგოთ შებოლილი თევზის ხარისხი? შენახვის ვადები როგორი აქვს? შებოლილი თევზის ხარისხის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება: შებოლილი თევზის პირველი ნიშანი მისი სუნია. თუ სუნი ძლიერი და უარყოფითია (არომატი გაუარესებულია), ეს ნიშნავს, რომ თევზი აღარ არის კარგი ხარისხის და შეიძლება უსაფრთხო არ იყოს; შებოლილი თევზის კანი უნდა იყოს გლუვი და მბზინავი, თუ კანი გამხმარია ან ფენები დაზიანებულია, ეს შეიძლება გულისხმობდეს დაბალი ხარისხის თევზს; კარგი ხარისხის შებოლილი თევზი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის, თუ შეფუთვაში წვენია დაგროვილი, ან სითხე უჩვეულოდ მეტია, მაშინ ეს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს და უნდა მოვერიდოთ შეძენას; სწორი შენახვის პირობები უზრუნველყოფს თევზის გემოსა და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ასევე დაბალ რისკს ინფექციებისა და დაბინძურებისგან; შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში სადაც ტემპერატურა არის (0 +8°C) 45 დღის განმავლობაში (შეფუთულ მდგომარეობაში, ვაკუუმ გარემოში); შეფუთვის გახსნის შემდეგ, აუცილებლად უნდა შევინახოთ მინის ჭურჭელში, თავზე დავახურავთ, რათა ჰაერთან ნაკლებად იყოს შეხებაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ 2 დღის მანძილზე; შებოლილი თევზის შენახვა მოიცავს გადამუშავებული თევზის სწორ პირობებში შენახვას: ან გაყინვას (-18°C ან დაბალ ტემპერატურაზე) ან გრილ ადგილას (0+8°C), სადაც ის სწორ შეფუთვაში იქნება. როგორ შევინახოთ პრესერვები სწორად როცა პრესერვს იძენთ, დარწმუნდით, რომ მას აქვს ვარგისიანობის ვადა. რჩევაა, რომ შეარჩიოთ ისეთი პრესერვები, რომლებიც ჰერმეტულად არის დახურული და შეფუთვა არ არის დაზიანებული. დაზიანებული შეფუთვა ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი შესაძლოა განიცდიდა ზემოქმედებას ან ჰაერის შეჭრას, რამაც შესაძლოა გააფუჭოს პროდუქტი. მწარმოებლის შემოწმება: დარწმუნდით, რომ პრესერვები წარმოებულია ნდობით აღჭურვილი მწარმოებლის მიერ. მოძებნეთ ცნობილი და სანდო ბრენდები, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხი. პრესერვის გახსნის შემდეგ, უმჯობესია, გამოიყენოთ იგი 72 საათის განმავლობაში. ხშირად, გახსნილი პროდუქტი კარგავს ხარისხს, მისი გემო და კვებითი ღირებულება კი თანდათანობით მცირდება. პრესერვები უნდა ინახებოდეს მაცივარში (0 +8°C). გახსნილი პრესერვის კონტეინერიდან პროდუქტი უნდა გადაიტანოთ ჰერმეტულ პლასტმასის ან მინის ჭურჭელში, რათა შესანახად უფრო უსაფრთხო იყოს და თავიდან აიცილოთ კონტაქტი ჰაერსა და ბაქტერიებთან. მარკირების ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხზე არსებობს მარკირების რამდენიმე სისტემა, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხსა და წარმოების სტანდარტებზე. ამ ნიშნების მიზანია დაადასტუროს, რომ წარმოება მიმდინარეობს შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დაცვით, რაც უსაფრთხოა მოხმარებისთვის. ISO (International Organization for Standardization): ISO სერტიფიკაცია მიუთითებს ხარისხის მართვისა და სტანდარტების დონეზე. ეს ადასტურებს, რომ თევზის წარმოება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points): HACCP-ის სერტიფიკატი მიუთითებს, რომ თევზის წარმოება და დამუშავება მოხდა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვაზე შეიძლება იყოს ნიშანი „ნატურალური“, „დამარინადებული“, „ორგანული“. ეს მარკირებები მიუთითებს, რომ თევზი გამოყვანილია ან დამუშავებულია განსხვავებული ტექნოლოგიებით, რათა შეინარჩუნოს მისი გემო, ტექსტურა და კვებითი ღირებულება.
თევზი ბზინვარე კანისთვის: რაციონი და დოზირება

როგორი თევზია სასარგებლო კანისთვის? ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია, სარდინი, სიომგა და თინუსი, რომელიც მდიდარია კანისთვის საჭირო სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის: ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები; ვიტამინი D; თუთია; ცილები და ამინომჟავები. როგორ მოქმედებს თევზი კანის მდგომარეობაზე? თევზის, მაგალითად ორაგულის რეგულარული მოხმარება ამცირებს ანთებას და გაღიზიანებას კანზე. ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს აქვთ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მცირდება სიწითლე და გაღიზიანება, ასევე ხელს უწყობს აკნეს და ეგზემის განვითარების რისკის თავიდან აცილებას. ომეგა -3-ით განსაკუთრებით მდიდარი ნორვეგიული ორაგულია, რომელიც მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ეს თევზი შეგიძლიათ ნახოთ ქართული ბრენდის – “ოკეანე“-ს ასორტიმენტში, რომელიც სწორედ ნორვეგიული თევზეულის ნედლეულით მარაგდება. ორაგული ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას. კანის უჯრედებს სჭირდებათ კარგი დატენიანება სიმკვრივისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. ომეგა -3 მჟავები ხელს უწყობს უჯრედებში ტენიანობის შენარჩუნებას, ხელს უშლის სიმშრალეს, აქერცვლას და ნაოჭების ადრეულ გაჩენას. ჯანსაღი ბზინვარება და კანის თანაბარი ელფერი. თქვენს დიეტაში ცხიმიანი თევზის რეგულარული ჩართვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას კანის უჯრედებში. შედეგად კანი ხდება უფრო სუფთა, ბზინვარე და გლუვი. დაცვა დაზიანებისგან. თევზი, მაღალი ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ეხმარება ებრძვის კანის დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია მზის ზემოქმედებით და გარემოს დაბინძურებით. ვიტამინი D ასევე იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ამცირებს კანის ნაადრევი დაბერების რისკს. რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი კანის გასაუმჯობესებლად? კანის მდგომარეობის შესამჩნევი გაუმჯობესების მისაღწევად რეკომენდებულია რაციონში თევზის ჩართვა კვირაში 2-3-ჯერ. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა ორგანიზმის გადატვირთვის გარეშე საჭირო საკვები ნივთიერებების მისაღებად. ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ომეგა-3 მჟავებით მდიდარ ცხიმოვან თევზს, როგორიცაა ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ნორვეგიული ორაგული ან სარდინი. ნორვეგიული ორაგულის მუცელი (სიომგა) ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ნაწილია, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ამ ნაწილის ცხიმიანობა განსაკუთრებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტვინის ფუნქციონირებას. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – ამ მნიშვნელოვან ცხიმებს ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მათი მიღება აუცილებელია საკვებიდან. ნორვეგიული ორაგული ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა ომეგა-3-ისთვის, რაც ამცირებს ანთებას, ეხმარება კანის ტენიანობის შენარჩუნებას და იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან. ნორვეგიული ორაგული დიდი რაოდენობითა შეიცავს ცილებს, რომლებიც აუცილებელია კუნთებისა და ქსოვილების აღდგენისთვის. ასევე, მასში არის კოლაგენი, რომელიც ეხმარება კანს ელასტიკურობის შენარჩუნებაში. ნორვეგიული ორაგულის მუცელში უხვადაა ვიტამინი D, რომელიც აძლიერებს ძვლებს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ასევე კალიუმსა და სელენს, რომლებიც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ. ვეგეტარიანელებისთვის ან მათთვის, ვინც არ მიირთმევს თევზს, ალტერნატივა არის ომეგა -3 დანამატები, რომლებიც დაფუძნებულია მცენარეულ წყაროებზე, როგორიცაა სელის ზეთი ან წყალმცენარეების ზეთი. დამატებითი რჩევები მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თევზის გარდა კანის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ზოგადი კვება და ცხოვრების წესი. მაქსიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია თევზთან ერთად მიიღოთ ახალი ბოსტნეული, ხილი და საკმარისი რაოდენობით წყალი. მოერიდეთ შემწვარი თევზის ჭამას, რადგან შემწვარი ზეთი და ცხიმები შეიძლება საზიანო იყოს კანისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ გამომცხვარ, ორთქლზე ან გრილზე მოხარშულ თევზს. გახსოვდეთ, რომ თქვენი კანის შესამჩნევი გაუმჯობესება არ მოხდება ერთ ღამეში. როგორც წესი, ხილული ეფექტისთვის თევზის რეგულარულ მოხმარებას რამდენიმე კვირიდან ერთ თვემდე დასჭირდება.
რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღიურად 60 გრამ ხაჭოს მიიღებთ

ხაჭო თითქოს უბრალო, ყველასთვის კარგად ნაცნობი რძის პროდუქტია, მაგრამ რეალურად ის იმ „უხილავ ჯადოსნურ საკვებთა“ სიაში შედის, რომელთაც შეუძლიათ თქვენი ორგანიზმის მთლიანად გარდაქმნა. ჩვენ ხშირად ვეძებთ ენერგიისა და ჯანმრთელობის წყაროს ძვირადღირებულ ვიტამინებში ან დანამატებში, როცა პასუხი შეიძლება უბრალოდ მაცივარში გვქონდეს, და ეს ერთი კოვზი ხაჭოა. ბავშვობიდან გვესმის, რომ ხაჭო ძვლებს ამაგრებს, მაგრამ მისი სარგებელი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს პროდუქტი არის ცილის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და B ჯგუფის ვიტამინების ბუნებრივი კომპლექსი. სწორედ ამიტომ დიეტოლოგები მას „მცირე ფორმატის ენერგეტიკულ სასწაულს“ უწოდებენ. თუ ყოველდღე მხოლოდ 60 გრამ ხაჭოს მიირთმევთ, არც ზედმეტად ბევრს, არც ძალიან ცოტას, ერთ კვირაში იგრძნობთ ცვლილებას: გაუმჯობესდება ძილის ხარისხი, გაიზრდება ენერგია, გაუმჯობესდება ასევე კანის მდგომარეობა და იმუნიტეტი. მოდით ვნახოთ, კონკრეტულად რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ეს მარტივი, მაგრამ საოცრად ჯანსაღი ჩვევა თქვენი დღის ნაწილი გახდება. ხაჭო – ბუნებრივი ცილის წყარო 60 გრამ ხაჭოში დაახლოებით 10–12 გრამი ცილაა, რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო ცილოვან პროდუქტად აქცევს. ცილა აუცილებელია კუნთების აღსადგენად და გასაძლიერებლად; კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. თუ ყოველდღე მცირე რაოდენობით ხაჭოს მიირთმევთ, ორგანიზმი ნელა მოსანელებელ ცილას – კაზეინს მიიღებს, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის თანაბარ განაწილებას მთელი დღის განმავლობაში. ტვინის მუშაობა და მეხსიერება ხაჭო მდიდარია B12 ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს ტვინის უჯრედების კვებას და აძლიერებს მეხსიერებას. რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს კონცენტრაციას და ამცირებს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას. ხაჭო განსაკუთრებით სასარგებლოა სტუდენტებისთვის და ინტელექტუალური საქმიანობის მქონე ადამიანებისთვის. ძვლების და კბილების გაძლიერება ხაჭო ბუნებრივი წყაროა კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიმტკიცისთვის. თუ დღეში 60 გრამ ხაჭოს მიირთმევთ, ორგანიზმი მიიღებს დღიური კალციუმის მოთხოვნილების დაახლოებით 15–20%-ს. ხაჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, როცა კალციუმის ნაკლებობა ძვლის დასუსტებას იწვევს. გულ-სისხლძარღვთა სისტემა ხაჭო შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს, მინერალებს, რომლებიც არეგულირებენ გულის მუშაობის რიტმს და ამცირებენ არტერიულ წნევას. გარდა ამისა, დაბალცხიმიანი ხაჭო ხელს უწყობს „ცუდი ქოლესტერინის“ შემცირებას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. იმუნიტეტის ბუნებრივი გამაძლიერებელი ხაჭოში შემავალი ამინომჟავები და მიკროელემენტები ხელს უწყობენ იმუნური უჯრედების მუშაობას. ის განსაკუთრებით ეფექტურია გაციების სეზონზე, რადგან ორგანიზმი უფრო სწრაფად ებრძვის ინფექციებს. უკეთესი ძილი და ნერვული სისტემა ხაჭო შეიცავს ტრიპტოფანს, ამინომჟავას, რომელიც ეხმარება სხეულს სეროტონინისა და მელატონინის გამომუშავებაში. თუ საღამოს მცირე ულუფა ხაჭოს მიირთმევთ, ეს დაგეხმარებათ ღამე უფრო მშვიდად და სწრაფად დაიძინოთ. წონის კონტროლი მცირე კალორიულობის მიუხედავად (60 გრამში მხოლოდ 70–80 კკალ), ხაჭოს მირთმევის შემდეგ დიდხანს დაგრჩებათ დანაყრების შეგრძნება. ამიტომ დიეტოლოგები ამ პროდუქტს ხშირად ურჩევენ მათ, ვინც ცდილობს წონის დაკლებას ან შენარჩუნებას. როგორ შევარჩიოთ ხაჭო ხაჭო პატარა ულუფითაც დიდ საქმეს აკეთებს. ეს არის მარტივი, ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ყოველდღე შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს მენიუში. ხაჭოს შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ცხიმიანობის მაჩვენებელი, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს მის კალორიულობასა და ტექსტურას. მაგალითად, უცხიმო „დღის“ ხაჭო (0%) საუკეთესოა მათთვის, ვინც აკონტროლებს წონას ან სპორტითაა დაკავებული, იგი შეიცავს ნაკლებ კალორიას, მაგრამ ინარჩუნებს მაღალ ცილოვან შემცველობას. ხოლო 6%-იანი „დღის“ ხაჭო, უფრო ნაზი, კრემისებრი და არომატულია. იდეალური ვარიანტია სრულფასოვანი საუზმისთვის ან დღის ბოლოს ენერგიის შესავსებად. მარტივად რომ ვთქვათ: თუ დიეტაზე ხართ, აირჩიეთ უცხიმო ხაჭო, ხოლო თუ გსურთ გემრიელი და ნოყიერი პროდუქტი, 6%-იანი ხაჭო თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.
განსაზღვრავს თუ არა თევზის ხარისხს მისი ფერი

წითელი თევზი, თეთრი თევზი, ვარდისფერი თევზი – თევზის ხორცი სხვადასხვა ფერის არსებობს და ეს სხვაობა ძირითადად დამოკიდებულია მის სახეობაზე. თუმცა ერთი და იმავე სახეობის თევზიც შეიძლება შეგხვდეთ განსხვავებული ფერით. ამ დროს მომხმარებელი ხშირად იბნევა და არ იცის, განსხვავებული ფერი რას ნიშნავს. ჩვენი ტექნოლოგი ლევან თომაშვილი განმარტავს, სახეობის გარდა, თევზის ფერის განმსაზღვრელი კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. ესენია: არეალი, თუ სად ბინადრობს თევზი, საკვები, რომლითაც იკვებება და სქესი. ტექნოლოგი დეტალურად გვესაუბრება, თევზის ფერთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე. ფერი და ხარისხი თევზის ხორცის შეფერილობა არ არის დაკავშირებული მის ხარისხთან. თითოეული სახეობის თევზს კონკრეტული ფერის ხორცი აქვს. თუმცა შესაძლებელია შეგვხვდეს შედარებით ღია ან მუქი ფერის ხორცი. ფერი და ასაკი თევზი ასაკის მატებასთან ერთად იცვლის ფერს თეთრიდან (ვერცხლისფრიდან) მუქ რუხამდე (შავამდე) ზურგის მხარეს. 2 თანაბარი ზომის თევზიც შეიძლება იყოს განსხვავებული შეფერილობის, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ასაკით განსხვავებული იქნებიან. მაგალითად, ერთი 6 თვის და მეორე 1 წლის, თუმცა მასით ერთი და იგივე იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, თევზის მუქი ფერი განსაზღვრავს თევზის ასაკს. შეფერილობა ასაკთან ერთად უფრო მუქი ხდება. ამავდროულად, ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ხორცის მასა და მისი ცხიმიანობა. ამიტომ სიმართლეა, რომ რაც უფრო მუქი და შესაბამისად დიდია თევზი, მით უფრო გემრიელია ის. ფერი და სქესი ზოგიერთი სახეობის თევზში, მაგალითად, ორაგულში ფერის მიხედვით ადვილად განსხვავდება მდედრი და მამრი. მამრი ორაგული შედარებით უფრო მუქი შეფერილობისაა, ვიდრე მდედრი. ფერი და აქტივობის დონე თევზის ფერის განმსაზღვრელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მისი აქტიურობის დონე. ეს დაკავშირებულია მასში არსებულ პროტეინთან, სახელად მიოგლობინთან. მიოგლობინი მომუშავე კუნთს უზრუნველყოფს ჟანგბადის ერთგვარი მარაგით. რაც უფრო აქტიურია თევზი, მით მეტი ჟანგბადი, შესაბამისად მიოგლობინი სჭირდება. შედარებით პასიურ თევზებს ფარფლებისა და კუდის მიმდებარედ ხორცი უფრო მუქი აქვთ, რადგან ისინი მათი სხეულის ყველაზე აქტიური ნაწილია. ორაგულსა და თინუსს კი, რომლებიც ოკეანეების ღრმა წყლებში ბინადრობენ, წითელი ხორცი აქვთ. ფერი და საკვები ადამიანებზე ხშირად ამბობენ, რომ ისე გამოიყურება, როგორც იკვებება. ასეა თევზის შემთხვევაშიც. მაგალითად, ორაგულს ვარდისფერი და წითელი შეფერილობა იმიტომ აქვთ, რომ კრევეტებსა და კრილს მიირთმევენ. ისინი კი შეიცავენ მოწითალო-მონარინჯისფრო პიგმენტს სახელად კაროტინოიდს. ორაგული რა რაოდენობითაც ამ საკვებს მიირთმევს, იმდენად მუქია მისი ფერი. რაც შეეხება თევზსაშენებში გაზრდილ ორაგულებს, რომლებსაც კრევეტებისა და კრილის მირთმევის საშუალება არ აქვთ, მათ საკვებში ურევენ კაროტინოიდი ასტაქსანტინს, რომელიც ამავდროულად კარგი ანტიოქსიდანტია. ფერი და ხორცის ტემპერატურა თევზის ხორცი ფერს იცვლის მისი შენახვის პირობების შესაბამისადაც. მაგალითად, გაყინული თევზი, მათ შორის, ორაგული და თინუსიც, უფერულდება. ამიტომ თუ შედარებით ღია ფერის, გაყინული თევზი შემოგხვდეთ დახლზე, არ იფიქროთ რომ ის ცუდი ხარისხისაა.
აირანი: გემო და სარგებელი ერთ ჭიქაში

ტრადიციული აირანი კეფირის მსგავსი ცივი სასმელია, რომელიც შედგება ფერმენტირებული რძის, წყლისა და მარილისგან. სავარაუდოდ, ის წარმოშობით თურქულია, თუმცა დღესდღეობით პოპულარულია მთელი შუა აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონში: სომხეთში, ირანში, აზერბაიჯანში, ბულგარეთში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. თურქეთში აირანი იმდენად პოპულარულია, რომ მის გარეშე თითქმის არც ერთი კვება არ სრულდება. ცივი აირანი შემწვარი ქაბაბის, შაურმის ან ბორექის შემდეგ — ეროვნული კლასიკაა. ზაფხულში აირანი თურქეთში ნამდვილი „გადამრჩენელია“: სიცხეში გაგრილება, სხეულის ჰიდრატაცია და საჭმლის მონელების გაუმჯობესება ერთი ჭიქით ხერხდება. რას შეიცავს აირანი და რატომ არის სასარგებლო? აირანი მხოლოდ გემოთი არაა გამორჩეული სასმელი, ის ფაქტობრივად ბიოლოგიური ოქროა სხეულისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აირანი არის წყალში განზავებული მაწონი ან იოგურტი, რომელიც შეიცავს: პრობიოტიკებს – ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას; ცილებს – გეხმარებათ კუნთური მასისა და ენერგიის შენარჩუნებაში; კალციუმს და ფოსფორს – ძვლებისა და კბილების გამაძლიერებელი; B ჯგუფის ვიტამინებს – რომლებიც ენერგიის მეტაბოლიზმში იღებენ მონაწილეობას; ელექტროლიტებს – რაც აბალანსებს წყლის დონეს სხეულში, განსაკუთრებით სიცხეში ან ვარჯიშის შემდეგ. დამატებით, აირანი ძალიან მსუბუქია და არ აღიზიანებს კუჭს — პირიქით, ამშვიდებს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და იდეალურია მძიმე სადილის შემდეგ. ასევე, ნაბახუსევზეც. როდის და როგორ უნდა დავლიოთ? აირანი შეგიძლიათ დალიოთ: დილით – საუზმესთან ერთად; სადილის შემდეგ – საჭმლის უკეთ მონელებისთვის; ვარჯიშის შემდეგ – ელექტროლიტების შესავსებად; ან თუნდაც სიცხეში, უბრალოდ გასაგრილებლად. დღიური რეკომენდებული რაოდენობა აირანი შეგიძლიათ დალიოთ დღეში დაახლოებით 1-2 ჭიქა (200–400 მლ). ეს საკმარისია იმისთვის, რომ ისარგებლოთ მისი ყველა დადებითი თვისებით. თუმცა, გასათვალისწინებელია ლაქტოზის აუტანლობის ფაქტორიც. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კომპანია „დღის“ მიერ წარმოებული აირანი. კლასიკურის გარდა, არის პიტნიანი ვერსიაც, რომელიც იდეალურად კლავს წყურვილს და საკმაოდ მოთხოვნადი რძის პროდუქტია ზაფხულში. “დღის“ აირანი პიტნით გამორჩეულია თავისი პიკანტური და დახვეწილი არომატით. მის შემადგენლობაში ნაღების კარაქი და პიტნაა, რაც ამ ცივ სასმელს კიდევ უფრო არომატულს ხდის.
გზამკვლევი გურმანებისთვის – ხორცის ნაწილები და მათი გამოყენება

ხორცი ადამიანის კვების რაციონის აუცილებელი ნაწილია. საქართველოში ყველაზე გავრცელებული საქონლის, ქათმისა და ღორის ხორცია. მათ განსხვავებული სასარგებლო თვისებები აქვთ. თუმცა ნებისმიერი ტიპის ხორცისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით, მნიშვნელოვანია, მიირთვათ გაუყინავი საღი პროდუქტი, რომელსაც ლაბორატორიული შემოწმება გავლილი აქვს. ჯანსაღი ხორცი რომ მარტივად იცნოთ, გაითვალისწინეთ: ხორცის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი. ქაღალდის ხელსახოცი ხორცზე დადებით არ უნდა დასველდეს. გაჭრის დროს კი ზედაპირი უნდა იყოს სველი, მაგრამ არა წებოვანი. გაჭრის დროს საქონლის ხორცი უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე, ხბოს ხორცი – ბაცი ვარდისფერი, ღორის ხორცი – ღია ვარდისფერიდან წითლამდე. ხორცის ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი. საქონლის ქონს აქვს თეთრი, ჩალისფერი ან მოყვითალო შეფერილობა. ღორის ქონი რბილია და მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი ან თეთრი. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ხორცი ახალი და ჯანსაღია, სწორად უნდა შეარჩიოთ ნაწილი, რომელსაც შეიძენთ. სხვადასხვა კერძისთვის ხორცის კონკრეტული ნაჭრების გამოყენებაა რეკომენდებული. ჩვენ გირჩევთ, რომელი ნაჭერი რომელი კერძისთვისაა იდეალური. საქონლის ხორცის რომელი ნაწილი რომელი კერძისთვის გამოვიყენოთ? ჩალაღაჯი – ეს გახლავთ საქონლის ხორცის ნაწილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად იტვირთება და სწორედ ამიტომ ხორცი საკმაოდ რბილია. შესაბამისად, ის იდეალურია სტეიკის გასაკეთებლად ან სხვა ფორმით შესაწვავად. ანტრეკოტი – ეს საქონლის ზურგის ნაწილია. მას საკეპი ხელსაწყოთი ამუშავებენ და ასევე შესაწვავად იყენებენ. თუმცა ანტრეკოტისგან ძალიან გემრიელი ოსტრი და ჩაშუშულიც მზადდება. ბარკალი – საქონლის ხორცის ეს ნაწილი იდეალურია ფარშის მოსამზადებლად. შესაბამისად, თუ გუფთის, ტოლმის ან კოტლეტის გაკეთებას აპირებთ, აუცილებლად ბარკლის რბილი ნაწილი შეიძინეთ. სუკი – მას ბეჭის ხორცს უწოდებენ. სუკი ძირითადად გამოიყენება შესაწვავად, სტეიკის მოსამზადებლად, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რბილი ნაწილია საქონლის ხორცში. შესაბამისად, ის ადვილად და სწაფად იწვება. რადგან სუკი უცხიმო ნაწილია, ის უფრო მშრალი გამოდის, ამიტომ შეწვის წინ სხვადასხვა მეთოდით ამარინადებენ. რადგან სუკი რბილი და უცხომო ნაჭერია, მას ხშირად იყენებენ მოსახარშადაც. ზოგადად, მოხარშული ხორცი ძალიან სასარგებლო საკვებია. მას აქტიურად იყენებენ ბავშვთა კვებაში, დიეტის დროს. არტალა – ამ ნაწილს ხშირად კანჭსაც უწოდებენ. ძროხის არტალასგან სხვადასხვა სახეობის წვნიანი მზადდება. ძვალთან ერთად მოხარშული ხორცის ნაჭრით ყველაზე გემრიელი და არომატული წვნიანი გამოდის. მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით იდეალური კერძის მომზადებას შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ საღი ხორცის შერჩევის წესებიც. პროდუქტი შეიძინეთ სანდო ქსელურ მარკეტებში, სადაც უსაფრთხოებისა და ხარისხის ყველა სტანდარტი დაცულია. “ნიკორას“ სუპერმარკეტები ყოველდღიურად ახალი, საღი, ქართული ხორცით მარაგდება. რაც მთავარია, სრულად დაცულია ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი ყოველთვის ახალი, ჯანსაღი, ხარისხიანი და გემრიელი.
5 კრიტერიუმი, რომლითაც მოხარშული ძეხვის ხარისხი უნდა განსაზღვროთ

მოხარშული ძეხვი ერთგვაროვანი სტრუქტურის ხორცპროდუქტია, რომელიც მზა პროდუქტების კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მის უპირატესობებს მრავალფეროვანი გემო და მარტივად გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს. მოხარშული ძეხვის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მწარმოებლებიც ცდილობენ მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული პროდუქტი შესთავაზონ. საქართველოში, ამ კატეგორიაში, ყველაზე პოპულარული “საექიმო“ და “მოყვარულთაა“. მოხარშული ძეხვის შეფასებისას გასათვალისწინებელია ხუთი ძირითადი ფაქტორი, რითაც პროდუქტის ხარისხი განისაზღვრება. გარსაცმი მოხარშული ძეხვი შეიძლება დამზადდეს, როგორც ნატურალურ ისე პოლიამიდის გარსაცმში. პოლიამიდის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ გარსაცმი არ იყოს დაჭმუჭვნული. ასევე, აუცილებელია, რომ გაჭრის დროს გარსაცმს და ხორცს შორის არ იყოს ჟელესებური მასა. კონსისტენცია ხორცპროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი კონსისტენციის. მასში არ უნდა გხვდებოდეთ მსხვილი ჩანართები, თუ იმ კონკრეტული სახეობისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგალითად, როგორიც ლუდის ან შაშხის ძეხვია. ფერი მოხარშული ძეხვის ფერი უნდა იყოს სასაიმოვნო ვარდისფერი. არ უნდა იყოს არც ძალიან მუქი და არც ძალიან ღია. სუნი მოხარშული ძეხვის არომატი უნდა იყოს სასიამოვნო და კონკრეტული პროდუქტისთვის დამახასიათებელი. გემო ხორცპროდუქტის გემოს შეფასების ერთი კრიტერიუმი არ არსებობს, რადგან ის სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა შემადგენლობისაა. შესაბამისად, გემოც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ხორცის ნაწილითაა დამზადებული და რომელი სანელებლებითაა შეკაზმული. მთავარია, რომ მოხარშული ძეხვის გემო იყოს სასიამოვნო, კონკრეტული პოზიციისთვის დამახასიათებელი. მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ მოხარშულ ძეხვს შეიძენთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი შენახვის პირობებიც: მოხარშული ძეხვი ინახება მაცივარში 0-8 გრადუს ტემპერატურაზე; ნატურალურ გარსაცმში დამზადებული მოხარშული ძეხვის შენახვის პირობები მოკლეა და დაახლოებით 7-10 დღეს შეადგენს; პოლიამიდის გარსაცმში დამზადებული მოხარშული ძეხვის შენახვის პირობები უფრო ხანგრძლივია და დაახლოებით 1-2 თვეს უტოლდება. კონკრეტული ვადა დამოკიდებულია გარსაცმის ტიპზე, დამზადების ტექნოლოგიაზე. რაც უფრო მრავალშრიანია გარსაცმი, მით მეტია შენახვის ვადა. სასუფრედ დაჭრილი მოხარშული ძეხვის შენახვის ვადა მხოლოდ 3 დღეა.
სოსისის შეწვის 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის

შემწვარი სოსისი და ჰოთ-დოგები – იდეალური კერძია პიკნიკისთვის, სახლის უკანა ეზოში. გრილიდან ამოსული ნაკვერჩხლის კვამლი აძლიერებს სოსისის გემოს და უფრო წვნიანს ხდის მას. შეიძლება ითქვას, რომ სოსისი იმ ტიპის ხორცპროდუქტია, რომელიც ყველაზე მარტივად მზადდება გრილზე, რადგან არ გიწევს ზედმეტი წვალება მარინადის მომზადებისთვის. მიუხედავად ამისა, ამ მარტივი კერძის გაფუჭება ძალიან ადვილია. თქვენ ორი ამოცანა გაქვთ: შეარჩიოთ იდეალური სოსისი და არ გააფუჭოთ ის! სოსისის შეწვის საუკეთესო მეთოდების შესწავლით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს გავრცელებული კულინარიული შეცდომები და ყოველ ჯერზე მიიღოთ სრულყოფილი კერძი ბარბექიუსთვის. როგორი სოსისი უხდება ყველაზე მეტად გრილს/მაყალს? სანამ მომზადების ინსტრუქციას ჩავუღრმავდებით, მოდი ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე – სოსისზე. კარგად მომზადებული სოსისი ერთმანეთთან დაკავშირებული ხორცის ცილების „მატრიცას“ წარმოადგენს. მომზადებისას ის იკუმშება, შიგნით აკავებს ცხიმს, ხორცის წვენს და არომატებს. ცხიმი და მარილი ანიჭებს მას განუმეორებელ გემოს. ცხიმი მთავარი კომპონენტია სოსისში, ის სტეიკის მსგავსად აძლევს ჩვენს პირს „წვნიან“ შეგრძნებას. სწორად მომზადებული სოსისის შემადგენლობაში უნდა იყოს ცხიმი. ყველაზე მეტად გავრცელებულია შერეული ხორცით მომზადებული – კერძოდ, საქონლისა და ღორის. ამ მხრივ, საუკეთესო არჩევანია გერმანული კლასიკური რეცეპტურით დამზადებული სოსისები “ბერნერი“, “როსტერი“ და “ფრანკფურტერი“. მათ ევროპული სანელებლები და სხვადასხვა შიგთავსი აქვთ. სამივე სოსისი ბუნებრივ გარსაცმშია მოთავსებული და შესანიშნავად უძლებს ნაკვერჩხლის ტემპერატურას. როგორ შევწვათ სოსისი – 3 მეთოდი: მეთოდი 1. Low’n’Slow – საშუალო და ნელი სოსისის პირდაპირ გრილზე მოთავსება ყველაზე პოპულარული მეთოდია. მაღალი რისკის მიუხედავად, სწორი ტექნიკით შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი შედეგი. აანთეთ ცეცხლი გრილზე. იდეალურია საშუალო ცეცხლი. დადეთ სოსისი ცეცხლის ზემოთ, გრილის ცხაურზე და დროდადრო ატრიალეთ, სანამ გარსი არ გახდება ხრაშუნა და მუქი. მეთოდი 2. მაღალი ცეცხლიდან – დაბალზე არაპირდაპირი გრილი – ალბათ ეს არის ყველაზე პოპულარული გზა იმისათვის, რომ სოსისი სრულყოფილად მოამზადოთ და შებოლილი არომატი მიანიჭოთ. დაიწყეთ სოსისის შეწვა მაღალ ცეცხლზე, დააყოვნეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. როგორც კი კანი მოებრაწება, ცეცხლს დაუწიეთ საშუალომდე და სოსისი სითბოს წყაროდან რაც შეიძლება შორს გადაიტანეთ (გრილის კიდეებისკენ). დატოვეთ იქ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამ მეთოდით თავიდან აიცილებთ გასკდომას და ცეცხლის გაჩენას. წვნიან სოსისს ხრაშუნა გარსი ექნება. მეთოდი 3. მოხარშვა და შემდეგ შეწვა თუკი სოსისს გრილზე შეწვამდე მოხარშავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პროდუქტი იქნება წვნიანი, არ დაიწვება და ბოლომდე მომზადდება. ასევე, თავიდან აიცილებთ გარსის გამოშრობას. გრილზე დადეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, ჩაასხით წყალი და ლუდი (ნახევარ-ნახევარი წილი), ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და მდოგვის მარცვლები. როგორც კი წყალი შეთბება, ჩადეთ სოსისი და ხარშეთ 8 წთ. ყურადღებით იყავით, რომ წყალი არ ადუღდეს. შემდეგ ამოიღეთ სოსისები და გადაიტანეთ გრილზე. როგორც კი ყავისფერი გახდება და მადისაღმძვრელ ვიზუალს მიიღებს, მზადაა! ხახვი ზემოდან თუ ქვემოდან? როდესაც ხახვს სოსისს ვაყრით, შედეგად ვიღებთ მოტკბო, კარამელიზებულ არომატს, რაც საოცრად უხდება სოსისს. სოუსები სასურველია პომიდვრის სოუსი თავად მოამზადოთ. თუ არ გაქვთ, მაღაზიაში ნაყიდი გამოიყენეთ. ასევე, მოუხდება ბარბექიუს სოუსი და დიჟონის მდოგვი. ბონუს რჩევა: მაყალზე მომზადებისას, სოსისები სწორად ააცვით შამფურზე. ის უნდა გაუყაროთ მხოლოდ კიდეებში და სოსისს მისცეთ ნახევარმთვარის ფორმა.
ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები

ღორის ხორცი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცის. ის როგორც ყველა ხორცი, ძირითადად ცილებისგან შედგება. ღორის ხორცის შემადგენლობაში შედის შემდეგი ვიტამინები და მინერალები: თიამინი (B-ჯგუფის ვიტამინი) სელენი რკინა ფოსფორი თუთია ვიტამინი B12 ვიტამინი B3 ვიტამინი B6 ღორის ხორცი ასევე შეიცავს ტაურინის, კრეატინის და ბეტა-ალანინს, რომლებიც კუნთებს ფორმირებას უწყობს ხელს. ღორის ხორცი სხვადასხვა კერძში გამოიყენება, თუმცა საქართველოში მისგან მომზადებული ძირითადი კერძი მწვადია. მწვადისთვის ღორის ხორცის სხვადასხვა ნაწილი გამოიყენება. გაითვალისწინეთ, შერჩეული ნაჭრის მიხედვით უნდა განსაზღვროთ შეწვის სპეციფიკაც. კისრის ნაჭრებში ცხიმისა და მჭლე ხორცის შეფარდება ძალიან კარგადაა. ამავდროულად, ის არ არის ფიზიკურად ძალიან დატვირთული ზონა და, შესაბამისად, ხორციც რბილია, ამიტომ კისრის ნაჭრები მწვადისთვის კარგი გადაწყვეტილებაა. ბარკლის ხორცი არის შედარებით უცხიმო და მშრალი ნაჭერი. უცხიმო მწვადის მოყვარულთათვის ის საუკეთესო ნაწილია. თუმცა სიმშრალისა და სიმკვირვის გამო, სასურველია, წინასწარ დაამარანიდაოთ. რაც შეეხება ნეკნებს, არსებობს როგორც მუცლის, ისე ზურგის ნეკნები და ორივე მათგანი შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაწვავად. მჭლე ხორცის მოყვარულები შესაწვავად ხშირად იყენებენ სუკის ნაჭრებს. ის სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე მშრალი ნაწილია და სასურველია, წინასწარ დაამარინადოთ/დაარბილოთ, რათა შეწვისას ძალიან არ გამოგიშრეთ. ჩალაღაჯი ჩალაღაჯი, ანუ ბეჭის ზედა ნაწილი უმეტესად გამოიყენება სტეიკის შესაწვავად. ღორის ხორცს ბოლო პერიოდში ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის რულეტების მოსამზადებლად. რულეტისთვის აუცილებელია მაქსიმალურად მჭლე და მშრალი ხორცი შეარჩიოთ. ღორის ხორცი უვნებელი რომ იყოს ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია მომზადების დროს მისმა შიდა ტემპერატურამ 71°C-ს მიაღწიოს.
გაიუმჯობესეთ თქვენი კვებითი ჩვევები – პრაქტიკული რჩევები

ყველა ადამიანს აქვს კვებასთან დაკავშირებული ჩვევები. ზოგი მათგანი სწორია, ზოგი კი მავნე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ეს ჩვევები გაქვთ, მათი გამოსწორება არასდროს არის გვიანი. მიღებული შედეგი კი თქვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. გახსოვდეთ, როდესაც საქმე კვებას ეხება, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას თუ რას ვჭამთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვჭამთ. თუმცა ცვლილებები არ უნდა იყოს რადიკალური და მოულოდნელი. რადიკალურ ცვლილებებს ორგანიზმი მარტივად ვერ ეგუება და მის მიმართ აგრესიაც უჩნდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი ჩვევა ეტაპობრივად და დაგეგმილად გამოიმუშაოთ. ამ გზით შეძლებთ სამუდამოდ დაძლიოთ მავნე ჩვევები. კვებითი ჩვევების გასაუმჯობესებლად სამი ძირითადი ეტაპის გავლა მოგიწევთ. ესენია – აღმოაჩინე, ჩაანაცვლე და გააძლიერე. აღმოსაჩენად საჭიროა თქვენი თითოეული კვებითი ჩვევა, როგორც კარგი, ისე ცუდი ჩამოწეროთ. ამასთან არ დაგავიწყდეთ ჩამოაყალიბოთ ის გამოწვევებიც, რომლებიც არაჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში გიწყობენ ხელს. ჩანაცვლების ეტაპზე თითოეული არაჯანსაღი ჩვევა ჩაანაცვლეთ ჯანსაღით. გააძლიერეთ თქვენი ახალი კვებითი ჩვევები. თითოეულ ეტაპზე დეტალურად ვისაუბროთ, რომ მათი რეალობაში განხორციელება მაქსიმალურად გაგიმარტივდეთ. აღმოჩენა აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ თქვენი კვებითი ჩვევები. ის მოიცავს როგორც საკვებს, ისე სასმელს. მოინიშნეთ თითოეული პროდუქტი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღებთ. ასევე დაწერეთ რომელ საათზე რას მიირთმევთ. ეს დღიური ჩვევების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ასევე სასურველია, დაწეროთ რას გრძნობდით, როდესაც ჭამა გადაწყვიტეთ. ჭამა ყოველთვის არ უკავშირდება შიმშილს, ამიტომ მოინიშნეთ, რას გრძნობდით შიმშილის გარდა. იქნებ ეს იყო დაღლილობა ან სტრესი? დღიურის საწარმოებლად რამდენიმე დღე საკმარისია. შემდეგ ეტაპზე დაგროვებული ინფორმაციიდან გამოყავით ძირითადი ჩვევები. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არც ისე ცოტა მავნე კვებითი ჩვევა გაქვთ და ეს შეიძლება იყოს: სწრაფად ჭამა, ძალიან ბევრის ჭამა, ჭამა როდესაც მშიერი არ ხართ, ფეხზე დამდგარი ჭამა, დესერტის ხშირი მირთმევა, კვების გამოტოვება და სხვა. ჩვევების აღმოჩენის პროცესში კარგად გაანალიზეთ მიზეზებიც, რომლებიც ამ ქცევის განხორციელებისკენ გიბიძგებთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ მათ გამოსწორებაზე ზრუნვა. ყოველთვის თვალყური ადევნეთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს. გაამხნევეთ და შეაქეთ საკუთარი თავი თითოეული არაჯანსაღი ჩვევის გამოსწორების დროს. ყურადღება მიაქციეთ იმ მიზეზებსაც, რომლებიც მაშინ გიბიძგებენ ჭამისკენ, როდესაც არ გშიათ. როგორც წესი, ასეთ მიზეზებს შორის არის ხოლმე: სახლში ან სამუშაო სივრცეში ბევრი ტკბილეულის ქონა, სახლში ხშირად უსაქმოდ ყოფნა, სტრესული შეხვედრები, სადილის არ ქონა და სხვა. ხშირად ისეც ხდება, რომ ფსიქოლოგიურად ადამიანი ისეა განწყობილი, თავად ეძებს მიზეზებს საჭმელად. ამ შემთხვევაში კი მიზეზები ნამდვილად არ დაგელევათ. ამიტომ თითოეული მიზეზის შესახებ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა შემიძლია გავაკეთო, რომ ამ სიტუაციას თავი ავარიდო? მათზე გულწრფელი პასუხი ყველაზე კარგად თქვენ გეცოდინებათ. თუ თავის არიდება ობიექტურად შეუძლებელია, მაშინ უნდა მოძებნოთ სხვა გამოსავალი, სხვა ქმედება, რომელსაც იმ მომენტში ჭამის ნაცვლად გააკეთებთ. ჩანაცვლება თითოეული არაჯანსაღი კვებითი ჩვევის სანაცვლოდ მოიფიქრეთ ჯანსაღი ალტერნატივა. მაგალითად, თუ სწრაფად ჭამთ, ეცადეთ მარტო არ იყოთ ხოლმე ჭამის დროს. ასე პროცესს უფრო გაახანგრძლივებთ. ან უბრალოდ ჩანგალი დადეთ ხოლმე თითოეული ლუკმის შემდეგ, ეს დაგეხმარებათ ჭამის ტემპი შეანელოთ. მინიმუმამდე შეამცირეთ გარემო ფაქტორები, რომლებიც ჭამის დროს ყურადღებას გიფანტავენ და თქვენი ჭამის ტემპი დაუფიქრებლად ჩქარდება. მოკლედ, შეიმუშავეთ თქვენი საკუთარი სტრატეგია თითოეულ მიზეზთან ბრძოლისთვის. თუ აღმოაჩინეთ, რომ მოწყენილობის დროს ჭამა გიყვართ, ჩამოწერეთ სხვადასხვა აქტივობები, რომლებსაც ჭამის ნაცვლად გააკეთებთ. მაგალითად, დაურეკეთ მეგობარს, გადით სასეირნოდ ან სხვა. გაძლიერება გააძლიერეთ თქვენი ახალი, სწორი ჩვევები და ამ პროცესში იყავით მომთმენები საკუთარი თავის მიმართ. გახსოვდეთ, ცვლილებები ერთ ღამეში არ მოხდება. ამ პროცესში შეიძლება გქონდეთ ჩავარდნებიც, თუმცა ამის გამო თავს ნუ გაკიცხავთ და ნუ დაისტრესებით. ასე საქმეს უფრო გააფუჭებთ. თქვენ ყველაფერს შეძლებთ. გახსოვდეთ, ჩვევების ჩამოსაყალიბებლად ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს ნაკლები. თუმცა მიზნის მისაღწევად ეს ყველაფერი ღირს. სწორი კვებითი ჩვევები ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა.